Thursday, April 26, 2012
დაბინძურება
დაბინძურება — დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა თუ ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა, თუმცა გაცილებით უფრო სერიოზულ ზიანს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც.
გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.
გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის მოწამვლა, ნიადაგის ეროზია, ნაგვის ( ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური... დღევანდელი გარემო პირობების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: ინდუსტრიული წარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, წარმოებისას წარმოიქმნება ნარჩენები, ნარჩენი პროდუქტები წამლავენ წყალს, ჰაერს და ნიადაგს, თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ მიწის ფართობებს, მიწის განოყიერებისათვის და მცენარეთა დასაცავად გამოყენებული ქიმიური საშუალებები წამლავენ ნიადაგს და წყალს, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა იწვევს არა მარტო შიმშილს და სიღარიბეს, ასევე გარემოს განადგურებას, რადგან მეტ ადამიანს მეტი საცხოვრებელი სივრცე და მეტი საკვები სჭირდება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა.
გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით ( არა მომჭირნედ გამოყენებით). ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს წყლის და ჰაერის დაბინძურება, ენერგიის და ფართობის გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა.
განვითარებად ქვეყნებში გარემოს საფრთხეში ჩაგდება ხშირად ეკონომიური იძულებითაა გამოწვეული. ერთის მხრივ ტყიანი მასივების დიდი ფართობების ჩეხვა საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართოებების მისაღებად, რომელებიც მონოკულტურების მოსაყვანად გამოიყენება, მეორეს მხრივ კი - გარემოსათვის მავნე საწარმოების "დასახლებით", რომელებიც ინდუსტრიულ ქვეყნებში ნებადართულიც კი არ არის.
გარემოს დაბინძურება: დაბინძურება შესაძლოა გარემოს დეგრადაციის რომელიმე ფორმის (მაგ. სახეობათა გადაშენება, ტყეების განადგურება) მიზეზი გახდეს. მისი სახეებია: ბიოლოგიური, მიკრობიოლოგიური, მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური (თერმული, სინათლით, ხმაურით, ელექტრომაგნიტური და რადიაციული) დაბინძურება. გარემოს დაბინძურების ძირითადი ფორმებია: ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება, ნიადაგის დაბინძურება (ჰიდროკარბონატებით, მძიმე მეტალებით, ჰერბიციდებით, პესტიციდებით და სხვ.), რადიაციული დაბინძურება, ხმაურით დაბინძურება (თვითმფრინავების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ინდუსტრიული ხმაური და სხვ.), ვიზუალური დაბინძურება (მაგ. ელექტროგადამცემი ხაზები, წიაღისეულის მოსაპოვებელი ღია კარიერებით დამახინჯებული ლანდშაფტი, მუნიციპალური ნაგავსაყრელები), თერმული დაბინძურება (ბუნებრივი წყალსატევების ტემპერატურის ცვლილება ადამიანის საქმიანობის შედეგად). თითოეული მათგანი კიდევ მრავალ ქვესახეობად იყოფა, ამიტომ ზოგადი დახასიათებაც კი ძალზე შორს წაგვიყვანდა. სამთო-მოპოვებითი მრეწველობა გარემოს დეგრადაციის და დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. წიაღის მოპოვება იწვევს ეკოსისტემების განადგურებას, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას, ხდება ეროზიული პროცესები და სხვ. საქართველოში ყველაზე უფრო გავრცელებულია წიაღისეულის მოპოვება ღია კარიერული წესით.
წყარო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment